პეტრას ანუ “ქაჯეთის ციხის” რეაბილიტაცია დაიწყო – როგორი იქნება უნიკალური ძეგლი სულ მალე

მე-6 საუკუნის ისტორიული ძეგლი – პეტრას ციხე ერთი წლით რეაბილიტაციის გამო ტურისტებისთვის  დაიხურა. ბოლო წლებში არაერთი დაანონსების შემდეგ  პეტრას ციხეზე ვიზიტორთა ცენტრისა და ტურისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. მე-6 საკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ განახორციელებს.

მიმდინარე წელს რამდენჯერმე გამოცხადებული, ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, კომპანიას პროექტის მიხედვით უძველესი ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, კაფის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და  ავტოსადგომის მოწყობა ევალება. ხელშეკრულების მიხედვით  სამუშაოები  2020 წელს დასრულდება, პროექტის ბიუჯეტი კი 1750000 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება მის ისტორიულ მნიშვნელობას – „ვეფხისტყაოსანში“ ქაჯეთის ციხედ წოდებული, ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია. ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის – ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

2020 წელს პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი. პროექტის ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. „აიპრესის“ კითხვებს სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი პასუხობს:

ბატონო ზაურ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზე რომ გვითხრათ, რა კრიტერიუმებით შეირჩა და  რამდენად აქვთ აქვთ ისტორიულ ძეგლზე სამუშაოების განხორციელების კომპეტენცია?

ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა “ივერთმშენი”, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ძეგლების რესტავრაციის და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაში. მათ შორის რამდენიმე პროექტი ბათუმში აქვს შესრულებული. ვინაიდან სამუშაოები არ ეხება კონკრეტულად ძეგლის შიდა ტერიტორიას, დსაქმებულები არიან სამშენებლო სამუშაოებში გამოცდილი პიროვნებები. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ეხება გარე ინფრასტრუქტურას, ვიზიტორთა ცენტრი, სუვენირების მაღაზია, კაფე, ავტოპარკინგი, საპირფარეშო, ლიმონარიუმის რესტავრაცია და დენდროლოგიური სკვერის მოწყობა, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტების მოწყობა. შიდა ტერიტორიის (ძეგლის) სავალი ბილიკებისა და დარჩენილი კედლების საკონსერვაციო პროექტის შესაძენად ტენდერს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.

ციხეს ბოლო წლების განამვლობაში სხვადასხვა ტიპის სამუშაობი ჩაუტარდა, რა გათვლა აქვს ამჯერად სააგენტოს?  

პეტრას ციხეზე ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობდა ციხის ავარიული კედლების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, თუმცა არ არსებობდა ვიზიტორთა ცენტრი და შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო. ციხის ინფრასტრუქტურული პროექტი კონკურის წესით შესყიდული იქნა 2016 წელს. სამუშაოების განხოციელების თანხა კი 2 000 000 ლარია.

ისტორიული ძეგლის აქტიურ ტურისტულ სეზონზე გაჩერერებას  საზოგადოებაში გარკეული კრიტიკა მოჰყვაბატონო ზაურ, რატომ გადაწყდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პერიოდად აგვისტო?

ციხის დახურვა სამუშაოებისათვის, ჩვენი გათვლებით უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში, თუმცა ტენდერი არ შედგა. შემდეგ გამოცხადებაზე ტენდერი ისევ არ შედგა და ამიტომაც მიეცა საშუალება ვიზიტორებს ციხეზე დაშვება მომხდარიყო ამ პერიოდში. როგორც კი შედგა ტენდერი, სამუშაოების დაწყება იყო საჩქარო, ვინაიდან საკმაოდ ხანგრძლლივ პერიოდზეა გრაფიკი (2020 წლის დეკემბრამდე). საძირკველის სამუშაოების მოწყობა უნდა განხორციელდეს მზიან ამინდში, რადგან ზამთარში ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება არ არის გამართლებული და დროის ფუჭად ხარჯვაა. ჩვენი ინტერესია პეტრას ციხეზე სამუშაოების დროული დასრულება, რათა მეტი კომფორტი შეიქმნას ვიზიტორებისათვის. რა თქმა უნდა დაწესდება შესაბამისი, ადექვატური ფასი ბილეთებზე, შემოსული თანხა სრულად მოხმარდება პეტრას ციხის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასზე მეცნიერული კვლევითი სამუშაოების გაგრძელებას. ვინაიდან ციხეზე არ არსებობდა ინფრასტრუქტურა ვიზიტორებზე გათვლილი, ამ დრომდე იყო უფასო. საშუალოდ ყოველწლიურად მინიმუმ 200 000 ლარამდე შემოსავალი ბილეთებისა და სუვენირების გაყიდვით შემოვა სააგენტოში, რითაც პეტრას ციხე იქნება საკუთარ დაფინანსებაზე. ჩვენი ამოცანაა სამუშაოების იმ ეტაპამდე მიყვანა, რომ 2020 წლის 1 ივლისიდან ვიზიტორებისთვის მოხდეს ციხის იმ ტერიტორიაზე დაშვება, სადაც არ იქნება სამუშაოები. რა თქმა უნდა იქნება შეზღუდვები, მაგრამ ციხე არ დაიხურება სრულად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის,  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით 2015-2017 წლებში  რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ კედელს, აღმოსავლეთ კედელს და დერეფნის უბანს. 2017 წელს სააგენტოს მიერ შესყიდული იქნა კონკურსის საფუძველზე პეტრას ციხის  ინფრასტრუქტურით მოწყობის  პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში გასულ წელს დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები.

სწორედ ამ პერიოდში არქეოლოგიური  სამუშაოების წარმოების  დროს აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი მასალები: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა). პირველად ციხის შესწავლა კი 1930-იან წლებში დაიწყო.

 

ავტორი: მაია შავაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...