პენტაგონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შანაჰანი ავღანეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პირველი უცხოური ვიზიტის დროს, უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებსა და ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის შეხვდება.

შანაჰანის თქმით, მას ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე მითითება ჯერ კიდევ არ მიუღია.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავღანელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი იქნება მათი ქვეყანა მომავალში.

“მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთის მთავრობამ ავღანეთის შესახებ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღოს,” – განაცხადა შანაჰანმა.

ამა წლის 5 თებერვალს, შეერთებული შტატების სენატმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც დონალდ ტრამპს მოუწოდებს, სირიიდან და ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა არ დააჩქაროს.

დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების გაყვანა 2018 წლის დეკემბერში განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, ვაშინგტონის მიზანი სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რაც ძირითადად შესრულებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...