პედიატრი: უმჯობესია ბავშვები იყვნენ სახლებში, მაგრამ იზოლაცია სერიოზული ტრავმაა

იაშვილის კლინიკის პედიატრმა, ამბოლატორიული განყოფილების უფროსი ეკა კანდელაკი “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” კორონავირუსთან დაკავშირებით ბავშვების მიმართ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს.

პედიატრის თქმით, ერთი მხრივ უმჯობესია ბავშვები იყვნენ სახლებში და სხვა ბავშვებთან თავშეყრის ადგილებს მოერიდნონ, მაგრამ მეორე მხრივ იზოლაცია მათთვის სერიოზული ტრავმაა, ამიტომ საჭიროა ყოველდღიური რუტინის შენარჩუნება შეძლებისდაგვარად.

“კვლევებით, რომელიც მოდის ჩვენი ჩინელი, იტალიელი და სხვა კოლეგების კვლევებიდან არის ასეთი, რომ კი ბავშვები ავადდებიან, მაგრამ შედარებით სუსტი ფორმებით. სიმპტომებში განსხვავება არ არის ბავშვებსა და მოზრდილებს შორის. ეს არის ცხელება, ხველება, სუნთქვის გაძნელება. შესაძლებელია იყოს ღებინება და დიარეა. პედიატრიული პაციენტები თითქოს ნაკლებად იქნებიან ამ ინფექციების გამტარნი, მაგრამ ისინი არიან მნიშვნელოვანი წყარო გარშემომყოფთათვის. შესაბამისად დროული იდენტიფიცირება არის მნიშვნელოვანი.

თუ ბავშვებს აქვთ სიმპტომები, უნდა დაუკავშირდნენ ექიმს, რომელიც გამოჰკითხავს ამ სიმპტომების შესახებ, არიან თუ არა ისინი რისკის ჯგუფში. ბავშვებთან მიმართებით რეკომენდაცია არის ასეთი, რომ უმჯობესია იყვნენ სახლებში, შესაბამისად მთავრობის დადგენილებით ბავშვების თავშეყრის ადგილები ნელ-ნელა იზღუდება. ეს არის კაფეები, რესტორნები, კლუბები… ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთმანეთთან სტუმრად სიარული და რამდენიმე ბავშვის ერთად თავშეყრაც გარკვეული რისკის მატარებელია.

ამერიკის პედიატრია რეკომენდაციებს დიდ ადგილს უთმობს თუ როგორი უნდა იყოს ბავშვების ცხოვრება ამ ასაკში. გამოყოფს სამ ასაკობრივ ჯგუფს. იზოლაციაში ყოფნა ამ ასაკისთვის სერიოზული ტრავმაა. რადგანაც იზოლაცია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, 1 თვე ან ცოტა მეტი. რამდენადაც შესაძლებელია დავაშოროთ ბავშვები და მოზარდები და ამასთანავე ვიზრუნოთ ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს არის სერიოზული საკითხები. ამ შემთხვევაში ერთია ბავშვების მხარდაჭერა, მეორეა განმარტება მათთვის, მესამეა მათი ჩართვა პრობლემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაითავისონ პასუხისმგებლობის გათავისება საკუთარ თავზე. ძალიან კარგია ონლაინ სწავლება, რადგან ისინი არ უნდა ჩამორჩნენ ყოველდღიურ რუტინას. ბუნებრივად წამოვა ინტერნეტთან და ტელეეკრანთან მათი ყოფნა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ლიმიტირებულად იყოს ეს ყველაფერი”, – განაცხადა ეკა კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად