პაულო კოელიომ ბრაზილიის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, ფრანგს ხალხს მოუბოდიშა

ბრაზილიელმა მწერალმა პაულო კოელიომ საკუთარ Twitter-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ფრანგ ხალხს ბრაზილიის პრეზიდენტის ჯაირ ბოლსონარუს მიერ საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის ბრიჯიტ მაკრონის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა.

„ეს სევდიანი ვიდეო ჩავწერე, რათა ჩემს ფრანგ მეგობრებს კრიზისის გამო ბოდიში მოვუხადო. ვსაუბრობ ჟაირ ბოლსონაროს ისტერიაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს ეხება ”, – აცხადებს კოელიო.
მწერლის თქმით, “სანამ ამაზონის ტყე იწვის, მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, მხოლოდ შეურაცხყოფა, ფაქტების უარყოფა შეუძლიათ და ამ გზით ცდილობენ, პასუხისმგებლობას თავი აარიდონ“.

ქვეყნების ლიდერებს შორის ურთიერთობა ამაზონის ტყეებში მიმდინარე ხანძრის ფონზე დაიძაბა. წელს მათი რიცხვი 2018 წელთან შედარებით, 83% -ით გაიზარდა. ბოლსონარუს მტკიცებით, ხანძარი ფერმერებმა გამოიწვიეს, რომლებიც ტყეებს საძოვრებისა და სოფლის მეურნეობისთვის იყენებენ. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ასევე ცხელი და მშრალი კლიმატია.

G7- ის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრამდე, ემანუელ მაკრონმა მათ ბრაზილიაში ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. კერძოდ, მაკრონმა „დიდი შვიდეულისა“ და სხვა ქვეყნების ლიდერებს მობილიზებისკენ მოუწოდა, რათა ხანძრის თავიდან ასაცილებლად ეფექტური მექანიზმი შეემუშავებინათ.
ბოლსონარუმ მაკრონის განცხადება გააკრიტიკა. მან საფრანგეთის ლიდერი ნეოკოლონიალიზმში დაადანაშაულა, რადგან მან ასეთი წინადადება ბრაზილიის ხელისუფლებასთან კონსულტაციის გარეშე წამოაყენა.
მისი შეფასებით, მაკრონმა “გადაწყვიტა, შიდა პრობლემა პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს”. დავის ფონზე, მან ასევე მაკრონის მეუღლის ბრიჯიტის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, მან 66 წლის საფრანგეთის პირველი ლედის და საკუთარი მეუღლის, ბრაზილიის პირველი ლედის 37 წლის მიშელ ბოლსონაროს ფოტოსურათები გაავრცელა და დაწერა: “ახლა გესმით, რატომაც გადაეკიდა მაკრონი ბოლსონაროს? ნუღარ დავამცირებთ მას”,-წერდა ცინიზმით Facebook-ზე ბრაზილიის პრეზიდენტი.

მის განცხადებას ემანუელ მაკრონმა უპასუხა და განაცხადა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს თავისი საქციელის უნდა შერცხვეს.

”რადგან ბრაზილიელებს ნამდვილად პატივს ვცემ, ვიმედოვნებ, მათ ისეთი პრეზიდენტი ეყოლებათ, რომელიც ნორმალურად იქცევა”, – დასძინა მაკრონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...