“პაციენტის სიცოცხლე შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა გადაწყვიტოს”-ინტერვიუ ექიმ ტარიელ კუხიანიძესთან

თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია. ქუთაისში არსებული “კლინიკა ბომონდი”-ს რეანიმაციული განყოფილების ორდინატორი ტარიელ კუხიანიძე „აიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იმ შემთხვევებს იხსენებს, რომელიც თავდაპირველად სამართავად რთული იყო, თუმცა ექიმების ძალისხმევის შედეგად, სიცოცხლის გამარჯვებით დასრულდა.

მინდა გკითხოთ როგორც ცნობილ რეანიმატოლოგს, რეანიმაციაში პაციენტის თუნდაც უმნიშვნელო ჩივილი ექიმისთვის რამდენად ყურადსაღებია, რადგან ვიდრე ინტერვიუს დავიწყებდით თქვენგან მოვისმენე ასეთი ფრაზე რომ პაციენტის სიცოცხლე შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა გადაწყვიტოს.

დიახ, ნამდვილად არის თუნდაც უმნიშვნელო ჩივილი ყურადღბა მისაქცევი. გავიხსენებ ერთ ფაქტს, 46 წლის პაციენტი კლინიკაში შემოვიდა მწვავე პნევმონიით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით. მდგომარეობა თავიდან მძიმე არ ჩანდა, თუმცა შემდეგ დამძიმდა. მოხდა გულის გაჩერება და 25-დან 30 წუთამდე ვიბრძოდით იმისათვის, რომ გული აგვემუშავებინა. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. უფლის დახმარებითა და განყოფილების მედპერსონალის თავდაუზოგავი შრომით, პაციენტი 6 დღეში გამოჯანმრთელებული გაეწერა.

ალბათ იქნებოდა სხვა მსგავსი შემთხვევებიც, თუ შეგიძლიათ რომ მოუგვიყვეთ.

რეანიმაციულ განყოფილებაში ხონის მკვიდრი, 23 წლის პაციენტი მოხვდა. პაციენტმა სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად, გულ-მკერდის ტრავმა მიიღო. ოჯახის წევრებმა მოიყვანეს კლინიკაში. გზაში დამძიმდა მისი მდგომარეობა. ჩვენთან შემოსვლის მომენტში აგონალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც, მართვით სუნთქვაზე გადავიდა. აღმოჩნდა, რომ პაციენტს პლევრის ღრუში ჰქონდა სითხე. სასწრაფოდ მოხდა სითხის დრენირება და პაციენტის მდგომარეობაც დასტაბილურდა. რომ არა აღნიშნული გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, პაციენტი დაიღუპებოდა. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება. კლინიკაში 18 წლის ბიჭი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ოჯახის წევრებმა საწოლში იპოვეს უგონო მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ პირველად ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი მიღებული, რამაც ასპირაცია გამოიწვია. პაციენტი შემოსვლისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ორ კვირაში მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და პაციენტი კლინიკიდან გაეწერა.

თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რეალურად გადარჩენის იმედი აღარ არსებობდა, თუმცა თქვენ ეს მოახერხეთ?

პაციენტს ანომალიური ჰქონდა პირის ღრუ და კისერი. ჰქონდა დიდი ზომის კბილები და ხორხს გააჩნდა ორი შესავალი. პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. გულ-ყრის გამო განვითარდა ასისტოლია. ეს იყო ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერ ხერხდებოდა ვერც ინტუბაცია და ვერც სხვა ისეთი ალტერნატიული საშუალებებების გამოყენება, როგორიცაა: CPAP მხარდაჭერა. პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ტრაქეოსტომია. ამ მანიპულაციას ართულებდა და მის ჩატარებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა ასისტოლია. ვინაიდან მიმდინარეობდა გულის არაპირდაპირი მასაჟი, ვერ ხორციელდებოდა რესპირატორული მხარდაჭერა, თუმცა 3-4 წუთში მოხერხდა გადაუდებელი ტრაქეოსტომიის ჩატარება და უზრუნველყოფილი იქნა რესპირატორული მხარდაჭერა. აღდგა გულის მუშაობის ციკლი და ორ კვირაში პაციენტი ბინაზე გაეწერა. გულის არაპირდაპირ მასაჟთან ერთად ტრაქეოტომიის ჩატარება უიშვიათესი შემთხვევაა.

რა იყო ბოლო პერიოდში მომხდარი ყველაზე რთული შემთხვევა ან უცნაური?

72 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იქნა შემოყვანილი კლინიკაში. მამაკაცს გადატანილი აქვს ინსულტი. წყლიან ბოთლზე პირით საცობის მოხდა სცადა, რა დროსაც წყლის ნაკადთან ერთად, პირის ღრუში ბოთლის თავსახური მოხვდა. პაციენტს განუვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის შემოყვანისას გამოვლინდა საცობით ხორხის ობსტრუქცია, ვინაიდან პაციენტი საჭიროებდა სწრაფ ხელოვნურ ვენტილაციას და თან ვერ ხერხდებოდა საცობის მოცილება, ჩატარდა გადაუდებელი ტრაქეოტომია, აღდგა სასუნთქი გზების გამავლობა და ხორხიდან ამოღებული იქნა თავსახური. პაციენტი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და გაწერილია ბინაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად