პატრიარქის კურთხევით, ხატი – “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო” შეიქმნება

პატრიარქის კურთხევით ხატი – “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო” შეიქმნება. ამის შესახებ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა ილიამ (ნასიძე) დღეს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლთან განაცხადა.

“წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღედ დადგინდა.

საქართველოსთვის ღვითისმშობლოს წილხვდომობის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უდიდეს დღესასწაულად, იმედის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა- კურთხევით, ამ უდიდესი მადლის განახლება იქნება შექმნა ხატისა “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო”, ხელაპყრობილი მვედრებელი დედა ღვთისა საქართველოს მფარველ წმინდანებთან ერთად. ხატი შესრულდება მოზაიკასა და მინანქარში. ეს ხატი გამოხატულებაა ქართველი ერის მადლიერებისა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღვთისმშობელი საქართველოს მართადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი და სიმბოლო ურყევი სასოებისა და იმედისა.

ღვთის ნებით, მთელი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართველი ემიგრაცია მიიღებს მონაწილეობას ხატის შექმნაში. წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების 1700 წლისთავზე, ახლადშექმნილი ხატი ღვთისმშობლისა იქნება გვირგვინი საღვთო მადლისა, ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნეობაში გამთლიანებისა. ყველა ადამიანი, თუნდა 1 ლარითაც თუ შეეწევა ისიც იქნება თანამონაწილე ამისა. არავის ევალება დიდი თანხების შეწევნა, თანამონაწილეობა არის დიდი რამ”,- განაცხადა მამა ილიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად