A1 ბანერი

პატრიარქის ეპისტოლე: არ შევუშინდეთ დროებით წარუმატებლობებს!

სააღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა

"დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში(II ტიმ. 4,18)                                                                      

თბილისი, აღდგომა ქრისტესი

2016 წელი

 

"სამწუხაროდ, თუნდაც მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიური ადამიანების უმრავლესობასაც თავდაპირველად ჰგონია, რომ მათ, თითქოს, ცოდვა არა აქვთ, რომ კარგი თვისებებისანი არიან და არაფერი აქვთ სააღსარებო და მოსანანიებელი; მაშინ, როდესაც, მართლაც, წმინდად მცხოვრებნი გულწრფელად მიიჩნევენ, რომ უღირსნია და მათზე ცოდვილი სხვა არავინაა.

_ ასე რატომ ხდება?

_ შეგახსენებთ აბბა დოროთეს საუბარს ქალაქ ღაზას ერთ წარჩინებულ და ფრიად გავლენიან მოქალაქესთან:

_ როგორად მიგაჩნია შენი თავი ამ ქალაქში? _ ჰკითხა მას წმინდანმა.

 ფაქტია, ყველა მიცნობს და მაფასებს, – იყო პასუხი.

_ თუ კესარიაში წახვალ, იქ როგორად მიიჩნევ შენს თავს?

_ იქაურ დიდებულთა შორის უმცირესად.

_ ანტიოქიაში თუ იქნებოდი?

_ ჩვეულებრივ მოქალაქედ.

_ და თუ კონსტანტინეპოლში მეფის კარზე მოხვდებოდი?

_ გლახაკად და არაფრისმქონედ.

ასე არის ნებისმიერი ადამიანიც, – უთხრა აბბა დოროთემ, – რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას.

ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავსი ცხოვრებით თავმომწონეობს.

ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის შეცნობა და ჩვენი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გაცნობიერება.

როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, მომაკვდინებელ ვნებები შემდეგია:

გემოთმოყვარება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, უიმედობა, დიდებისმოყვარეობა და ამპარტავნება. სხვა ყველაფერი მათგან მომდინარეობს.

ამა თუ იმ ცოდვამ ადამიანში თუ ღრმად გაიდგა ფესვი, მას დამღუპველი ზემოქმედება აქვს.

ამიტომაც, ნუ იფიქრებ, რომ თუ შენ, მაგალითად, კეთილი ხარ, მაგრამ ლოთი, ეს ცოდვა მძიმედ არ იმოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზე. ან, თუ გონიერი ხარ, მაგრამ შურით სავსე, ეს ხელს არ შეგიშლის ცხონებაში.

,,ვინც თქვა არ იმრუშო, ისიც თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, რჯულის დამრღვევი ხარ.” (II ტიმ. 2, 10-11).

ამასთან,  ვნებებს შორის უხილავი, მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და თუ ადამიანი ერთ-ერთმა მათგანმა ჩაითრია, ის ერთი სხვა ვნებებსაც მოიზიდავს.

თუმცა, როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ.

მოწაფის კითხვაზე: რა გავაკეთო, რომ ღმერთს სათნო ვეყო?, – ცნობილმა ბერმა უპასუხა: განა ყველა კეთილი საქმე კეთილი არ არის? აბრაამი იყო სტუმართმოყვარე და ღმერთი იყო მასთან. დავით მეფე იყო მშვიდი და ღმერთი იყო მასთან, შენც დაუკვირდი, რომელი ქველი საქმისკენ ისწრაფვის შენი სული, აკეთე იგი ღვთის სადიდებელად და სხვა მადლიც განმრავლდება შენში. ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვე სინანული და თავმდაბლობა, რაც არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი.

,,შეინანეთ”! _ ქადაგებდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.

,,შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა” (მთ.4.17) _ მოუწოდებდა და მოუწოდებს მაცხოვარი და ამასთან გვაფრთხილებს:

,,ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა,” – რაც ნიშნავს იმას, რომ სინანული ჩადენილი ცოდვის ტოლფასი უნდა იყოს, ანდა ჭარბობდეს მას, თუ გვინდა, რომ აღიხოცოს იგი ჩვენი სულიდან.

გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან.

უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლოდ წართმეულ ზედმეტს ოთხწილად  დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე.

ღმერთს უყვარს გულწრფელად მონანული ასეთი ადამიანი; უყვარს იმდენად, რომ მისი მოწყალება ფარავს ყველაზე დიდ და მძიმე ცოდვებსაც.

_ როგორ მივხვდეთ, ცოდვის ტოლფასია თუ არა ჩვენი სინანული?

_ თუ შედეგად ჩვენში ხდება ცოდვასთან სრული განშორება და აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, _ მიზნისთვის მიგვიღწევია.

ასეთი სინანული არის სინდისის განმწმენდელი და აღმადგინებელი ძალა, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულთმოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი.

სულიერი თვალის ახელა ზოგიერთ პიროვნებაში ნელ-ნელა ხდება, ზოგიერთში კი – ერთბაშად, თუმცა ორივე შემთხვევაში სიწმინდის შენარჩუნება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.

ამ ბრძოლაში დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მხოლოდ ჩვენს თავს დავეყრდნობით, არამედ მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემმუსვრელი და ჩვენი განმაძლიერებელი.

არ შევუშინდეთ დროებით წარუმატებლობებს!

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ის კი არ არის საშიში, თუ ვნებები გვებრძვის და ჩვენც ვებრძვით მათ, არამედ ისეთი მდგომარეობა, როცა ვემორჩილებით სხვადასხვა ვნებას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარ გვაქვს.

უბედურება იმაში კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის რომ ვნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვათაც ღუპავ.

ზოგს მიაჩნია, რომ ღვთის მცნებების  დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არა აქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოს ცხოვრება, თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა. დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარია, დღეს, აქ ჰქონდეს ყველაფერი, აქ იგემოს ყველა შესაძლო სიამოვნებაც და განსაცდელიც,  რადგან რა იქნება გარდაცვალების შემდეგ, არ იცის და არ ესმის, რატომ უნდა დაიტანჯოს თავი რაღაც გაურკვეველი მომავლისათვის, რომელიც მართლა არსებობს თუ არა, არავინ უწყის.

ასეთად მოაზროვნეთათვის, რა თქმა უნდა, რაიმეს მტკიცებას აზრი არა აქვს. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავით შექმნილნი, მაშინ, წესით, სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენი ყოფაც აქ, ამ მიწაზე დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო.

ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ? ეს ხომ უაზრობაა."

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...