პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს – ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა.

„ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან, ადამიანი არის მფარველობის ქვეშ.

თქვენ გახსოვთ სიტყვები უფლისა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?!“ – აი, წმინდა გიორგი იყო განსაცდელში. წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორისა. იმპერატორი დიოკლეტიანე პატივისცემით უყურებდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ, შეცვალა მათი დამოკიდებულება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს; განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან.

არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს; მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ.

მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება – ეს არის მონანიება ცოდვისა.

„ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა!“

ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას, ჩვენს ტვინს: – ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები?!

ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული შეცვლის ადამიანს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ, ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისაგან.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა მისგან.

ყველას გილოცავთ გიორგობას, გიორგობა – ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული.

ვთქვათ ტროპარი წმინდა გიორგისა:

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის! ამინ!

წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი, წმინდა გიორგიმ დაიცვას თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები. ჩვენთან არს ღმერთი!“, – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები
იტვირთება...