პატრიარქი: დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში, დიდგორი არ დამთავრებულა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ დიდგორის ბრძოლის გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"ადამიანების ცხოვრება, ისევე როგორც ერის ცხოვრება შედგება ბრძოლებისგან, ბრძოლა კეთილისა და ბოროტისა. დღეს დიდგორობაა, უდიდესი ბრძოლა, რომელიც გადაიტანა ქართველმა ხალხმა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ  უნდა ვუმადლოდეთ დავით აღმაშენებელს, რომელმაც ისე დაგეგმა, ისე მოაწყო, რომ გამარჯვება იყო აუცილებელი და გარდაუვალი. მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მეტი რაოდენობა იყო მტრისა, დავით აღმაშენებელმა სიბრძნე გამოიჩინა, გააგზავნა 200 გამორჩეული მხედართ მთავარი, მტერს ეგონა, რომ ესენი მოღალატეები არიან, და რომ შეიჭრა ის 200 კაცი, გვერდებიდან ქართულმა ჯარმა დაარტყა, გამარჯვება გარდაუვალი იყო.

ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, იმ დროს, როცა ადამიანმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. უპირველეს ყოვლისა წმინდა მამები ამბობენ, შენ თუ გაიმაჯრვებ შენს თავზე, შენ ყველგან გამარჯვებული იქნები. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენს თავზე. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ბოროტებას, იმ ნაკლს, რომელიც ჩვენშია. 

დავით აღმაშენებლმა ჩახერგა უკან დასახევი გზები, უკან დახევა არ შეიძლებოდა. დავით აღმაშენებელი თვითონ, თავის თავს აყენებდა საშიშ მდგომარეობაში, მაგრამ მას ჰქონდა იმედი ღვთისა და ამ იმედმა გაუმართლა საქართველოს. დღეს ჩვენ ვახსენებთ დიდგორობას, ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში, დიდგორი არ დამთავრებულა. 

სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება, არ უნდა შეგვეშნდეს.

ჩვენ მოვამზადეთ პატარა საჭმელი, რომ მოვიხსენოით დიდგორის გმირები, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული, მათი გმირობა გარდაუვალი და წარუშლელია", – ბრძანა ილია მეორემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად