პატრიარქი: ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან

საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა და მრევლს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა.

„ გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი. წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ. წმინდა გიორგი იყო განსაცდელში, წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორის. იმპერატორი დიოკლიტიანე პატივისცემით უყურებდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ შეაცვლევინა მას დამოკიდებულება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს როლსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. „ჰე, უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“.

ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას – ჩვენ თვითონ, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული შეცვლის ადამიანს. სიყვარული ანიჭებს სიცოცხლეს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ და ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისაგან. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა.

ყველას გილოცავთ გიორგობას. გიორგობა ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული“, – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები
იტვირთება...