A1 ბანერი

“პასუხისმგებელნი იქნებით ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე” – “საზოგადოება ბათომი” საქართველოს მთავრობას მიმართავს

“საზოგადოება “ბათომი” საქართველოს პრემიერ მინისტრის, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორის სახელზე საჯარო მიმართვას ავრცელებს.

ორგანიზაცია, რომელუც წლებია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს იცავს, ამჯერად ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხიე ცვლილებას აპროტესტებს, რითიც შესაძლოა მომავალაში ამჟამინდელი დაცვის ზონაში ძველი ისტორიული შენობების ნაცვლად ახალი მაღალსართულიანი კორპუსები აშენდეს. “თქვენ თანამონაწილენი და პასუხისმგებელნი იქნებით ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე” – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს მთავრობაში წარდგენილია დოკუმენტი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების საზღვრების დამტკიცების შესახებ, რომლის საფუძველია ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმა. ამ მრავალდისციპლინარულ კვლევაზე სხვადასხვა დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა ასობით ათასი ლარი. 2017 წელს ბათუმის თვითმართველობის დაკვეთით კიდევ ერთხელ მოხდა ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონის საზღვრების გადამოწმება. აღნიშნული დოკუმენტი ბათუმის მერიამ 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა, თუმცა მოგვიანებით, თვითნებურად, კვლევისა და დასაბუთების გარეშე, შეცვალა ის. 2018 წლის ოქტომბერში კი, დასამტკიცებლად გააგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროში.

ვინაიდან ცვლილება არ ეფუძნება კვლევას, უფლებამოსილმა ორგანომ, საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის ნოემბერში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისგან საკითხის შესწავლის მიზნით მოითხოვა დამატებითი მასალა, რომელიც დაასაბუთებდა განხორციელებული კორექტირების მიზანშეწონილობას. დოკუმენტაცია სამინისტროში დღემდე არ არის წარდგენილი.

აღნიშნული პროცესის გამო შეფერხდა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცების პროცესი; შეიქმნა სტაგნაცია, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისტორიული ქალაქის შენარჩუნებასა და გონივრულ განვითარებას.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელოვნურად ფერხდება აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება, რათა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების საზიანოდ ხელ–ფეხი გაუხსნან კონკრეტულ კერძო ინვესტიციებს. ამაზე თვალნათლივ მეტყველებს აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარესთან შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს – კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს (ე.წ. „ზონალური“ საბჭო) მიერ დაცვის ზონაში არსებულ შენობებთან დაკავშირებით მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები. თუ ასე გაგრძელდა, ისტორიულ ქალაქს სრული განადგურება ემუქრება.

ქალაქ ბათუმის ისტორიული ნაწილის – ძველი ბათუმის დამცველები საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ უსწრაფესად მოითხოვოს თვითმართველობის ორგანოსგან კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის აუცილებელი, მეთოდოლოგიურად სწორად შემუშავებული და კვლევებით გამყარებული დოკუმენტაცია და დაამტკიცოს ის.
სხვა შემთხვევაში თქვენ, ისევე როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის თვითმართველობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თანამონაწილენი და პასუხისმგებელნი იქნებით ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე.
საზოგადოება ბათომი”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...