“პარტიზანი მეგზევეები” საზოგადოებას ძველი, სასიამოვნო და სახალისო ტრადიციების აღდგენას სთავაზობენ

სოციალურ ქსელში “პარტიზანი მეგზევეების” ახალი ვიდეო გავრცელდა. ჯგუფი თბილისელებს ძველი სასიამოვნო ტრადიციების აღდგენისკენ მოუწოდებს და საზოგადოებას მოკლე ვიდეოში ილია ჭავჭავაძის მიერ დამკვიდრებული სახალისო ტრადიციის განახლებას სთავაზობს.

“პარტიზანი მეგზევეები” 1906 წლის ამბავს ყვებიან…

ილია ჭავჭავაძე, თურმე, რუსთაველის გამზირს, უწინდელ გოლოვინის პროსპექტს მიუყვებოდა. მგოსანი ცნობილ მეცენატთან დავით სარაჯიშვილთან მიდიოდა საქმიან შეხვედრაზე. ილია მაშინდელი დავითის ქუჩის, ახლანდელი ბესიკის კუთხეში შეჩერებულა. პოეტს ასეთი აზრი გასჩენიაო: მე თუ ახლა ქუჩას ასკინკილით გადავკვეთ, დღევანდელი შეხვედრა სარაჯიშვილთან წარმატებით დასრულდება და ეს დღე ჩემთვის ბარაქიანი აღმოჩნდებაო.

ილიას ცილინდრი მოუხდია და… წარმოიდგინეთ გამვლელთა გაოცება, რომლებმაც დაინახეს ცალ ფეხზე მოხტუნავე მხცოვანი დიდი ქართველი ბავშვური და ხალისიანი… შეხედეთ ილიას! – აღფრთოვანებული ხალხი მის მოძრაობებს იმეორებდა და ასკინკილით კვეთდა ახლანდელი ბესიკის, მაშინდელი დავითის ქუჩას.

თურმე, იმის შემდეგ გამვლელები ფიქრობდნენ, წარმატებული დღე ექნებოდათ, თუ განსხვავებულად, გამორჩეულად და უცნაურად გაივლიდნენ დავითის და გოლოვინის ქუჩების კვეთაზე ამ პატარა მონაკვეთს, ირწმუნებიან “პარტიზანი მეგზევეები”.

მოდით აღვადგინოთ ეს სასიამოვნო და სახალისო ტრადიცია, რომელიც დიდმა ილიამ დაამკვიდრა, მოუწოდებენ თბილისელებს “პარტიზანი მეგზევეები”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად