პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება გადაიდო

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება გადაიდო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ისე დასრულდა, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივისთვის კენჭი არ უყრიათ.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, “საარჩევნო კოდექსში” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივით შემუშავდა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

პირველი მოსმენით განხილვის დროს კანონპროექტი დაკორექტირდა, რომლის მიხედვით, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...