პარტია “საქართველოსთვის” მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი: მაპატიეთ, რომ იმედები გაგიცრუეთ – მაპატიეთ, რომ არ მეყო ძალა, მედგრად დავხვედროდი ჩემზე მომართულ ქარიშხალს

ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი – ლალი შამუგია, რომელმაც პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ პარტია „საქართველოსთვის“ დაშინების ქვეშ იძულებით დატოვა.

საჯარო სკოლის პედაგოგი, პროფესიით ფილოლოგი ლალი შამუგია პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალე-მუჟავას ოლქში იყო და ის გიორგი გახარიამ რამდეიმე დღის წინ ოფიციალურად წარადგინა. პარტიის ინფორმაციით შამუგიასა და მის ოჯახზე ზეწოლა განხორციელდა.

„მტრებს და მოყვრებს:
ჩემო მტრებო, თანასოფლელებო – თქვენ, დიახ თქვენ და თქვენს შვილებს გასწავლიდით ერთ ჭეშმარიტებას: რომ ბოროტება დროში შეზღუდულია, ბოროტების ჩადენით გამოწვეული სიხარული – ხანმოკლე. სიკეთე კი უსასრულოა დროსა და სივრცეში, რომელიც სასუფეველში მიუძღვის ადამიანს. არ ვიცი, ვერ გავრკვეულვარ განსხვავებული აზრის გამო როგორ შეგიძლიათ ადამიანის ჩაქოლვა?! ბევრჯერ ვმდგარვარ განსხვავებულ პლატფორმაზე, მაგრამ არავინ მძულებია, არავისთვის ავი არ მიქნია, ღმერთია მოწმე. თქვენ ვითომ მშვილდი დამალეთ და სასიკვდილო ისარი ისე მესროლეთ. ფიზიკურად ვერა, მაგრამ სულიერად მომკალით, პირადი ამბიციების გამო გამწირეთ, ლამის ქვეყნის მტრად გამომაცხადეთ. ვერ გავიგე, ერთი კაფანდარა ქალის ასე როგორ შეგეშინდათ?! განა მარტო მე ვიყავი ქვეყანაზე?! განა სამყაროს ღერძი ვიყავი?!’’ – წერს პარტია ,,საქართველოსთვის“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი.

ლალი შამუგია წერს, რომ მასზე მიმართულ ,,ქარიშხალს“ ვერ გაუძლო და ყოფილ თანაგუნდელებს ბოდიშს უხდის, რომ ამ მასშტაბის ზეწოლას ვერ გაუძლო.
,,მაგრამ ღმერთი დიდია და ყოვლისმხილველი. თქვენ, ჩემო ერთგულო მეგობრებო, გულშემატკივრებო, რომლებიც უმრავლესობა ხართ – მაპატიეთ, რომ იმედები გაგიცრუეთ. მაპატიეთ, რომ ჩემი ცხოვრების შემოდგომაზე არ მეყო ძალა, მედგრად დავხვედროდი ჩემზე მომართულ ქარიშხალს. ჩემი მიზანი ყველგან და ყოველთვის იყო და იქნება ერის, ქვეყნის სამსახური.ღმერთი დიდია და მოწყალე! წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.’’ – წერს პედაგოგი.

ჭალე-მუჟავას ოლქში, სადაც პარტია ,,საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა – ლალი შამუგიამ კანდიდატურა მოხსნა, 3 დღის წინ საკუთარი კანდიდატურა ასევე მოიხსნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ხასაიამაც. შესაბამისად ამჟამად ჭალე-მუჟავაში არჩევნებში ამჟამად მხოლოდ ერთი – ქართული ოცნების კანდიდატი – ზაზა უბილავა მონაწილეობს, რომელსაც არჩევნებში კონკურენტი არ ეყოლება.

კომენტარები
იტვირთება...