პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ვადა ხვალ იწურება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხვალ ბოლო ვადა აქვს, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა შექმნას.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ის პროცედურები განმარტა, რომელიც რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

“ჩვენ გვაქვს სამდღიანი ვადა, რა ვადაშიც უნდა შევქმნათ სამუშაო ჯგუფი. შესაბამისად, უზრუნველვყოთ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა, რათა სამუშაო ჯგუფმა მოახდინოს შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრა, შეესაბამება თუ არა კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობით მოთხოვნილ ინფორმაციას. ჯგუფს ხელშემწყობი ფუნქცია აქვს კომიტეტისთვის, კომიტეტია აქ წამყვანი. ამის შემდგომ, პარალელურ რეჟიმში, ერთი კვირის ვადაში, გვაქვს ვალდებულება, რომ კომიტეტის წევრებს დავურიგოთ ინფორმაცია, რაც კომიტეტში გვაქვს წარმოდგენილი. თუ პარლამენტის წევრი მოგვმართავს თხოვნით და ექნება სურვილი, რომ გაეცნოს ამ ინფორმაციას, რაც წარედგინა იურიდიულ კომიტეტს, ჩვენ უზრუნველვყოფთ პარლამენტის თითოეული წევრისთვის ამ ინფორმაციის გაზიარებას, რაც იქნება მოთხოვნილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამუშაო ჯგუფს ბიუროს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენიდან 3-დღის ვადაში ქმნის. თავის მხრივ, ბიურომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე 7 სექტემბრის სხდომაზე იმსჯელა და საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ამავე დღეს გადასცა. შესაბამისად, კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის ფორმირების ბოლო ვადა 11-სექტემბერია.

ცნობისთვის: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო 20-კაციანი სია 4 სექტემბერს შეარჩია. უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტის წინაშე განსახივლელად ნომინირებული იქნენ შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე; გოჩა ჯეირანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...