პარლამენტში ქართული გლობალური უნივერსიტეტის შექმნის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

პრეზენტაცია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგიის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდიატმა ალექსანდრე რუსეცკიმ წარადგინა.

მომხსენებელმა ქართული გლობალური უნივერსიტეტის შექმნის კონცეფცია გააცნო და უნივერსიტეტის საქმიანობაში უცხოეთში მოღვაწე მეცნიერების ჩართულობის, და სპეციალური სამეცნიერო პროექტების (დისტანციური სწავლება და სხვა) შემუშავების და ეროვნული განვითარების პოლიტიკაში დიასპორული ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ალექსანდრე რუსეცკიმ წარმოადგინა მოსაზრებები, რომელიც, მისი განცხადებით, შეიქმნა სამეცნიერო კვლევითი პროექტის ჩარჩოში, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ეგიდით ხორციელდება.

მომხსენებლის განცხადებით, კვლევის მიზანია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი მოდელის შექმნა და იმ რესურსების ინვენტარიზაცია, რაც არ ან ვერ იყო გამოყენებული სამშვიდობო პროცესში კონფლიქტის მოსაგვარებლად. კვლევას დაექვემდებარა საგარეო პოლიტიკის მექანიზმები და ჩამოყალიბდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმოების ინოვაციური ხედვა. მომხსენებელმა ასევე განმარტა, რომ მიდგომის გარკვეული ნაწილი დაინერგა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ უწყებასთან თანამშრომლობის კონტექსტში და აღნიშნული კონცეფციის იმპლემენტაციის დასაჩქარებლად დაარსდა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. ასევე დაარსდა სამეცნიერო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრი.

„დღეს წარმოდგენილი ქართული გლობალური უნივერსიტეტის შექმნის კონცეფციის პროექტი წარმოადგენს სწორედ ამ ინოვაციების გაგრძელებას და მიზნად ისახავს მეცნიერების ინტეგრაციას სამშვიდობო პროცესებში. მომხსენებლის განცხადებითვე, ერთერთი პრობლემა დღემდე სამშვიდობო პროცესებში მეცნიერების ინტეგრაცია და აქტიური მონაწილეობაა. იდეის საფუძველში დევს მიდგომა, რომელიც გლობალურ საქართველოს გულისხმობს, ანუ, საქართველოს საზღვრების გარეშე. ეს არის დედამიწის ყოველ წერტილში არსებული ქართული ფენომენის ერთობლიობა, საფრთხეების და შესაძლებლობების სამყარო, რომელიც ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას“, – განაცხადა ალექსანდრე რუსეცკიმ.

მან თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა და დეტალურად ისაუბრა დიასპორული და სამეცნიერო რესურსის გამოყენების მნიშვნელობაზე აღნიშნული პრობლემის მოგვარების კუთხით.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად