პარლამენტში მხარი დაუჭირეს პროექტს, რომელიც IBRD სესხის სახით 73.100.000 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღევანდელ  სხდომაზე მხარი დაუჭირა ხელშეკრულებას – „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (COVID -19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

პროექტის მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა და რეაგირება.

მომხსენებლის განმარტებით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში IBRD სესხის სახით გამოყოფს 73.100.000 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, მათ შორის 13 წელი შეღავათიანი პერიოდია, საპროცენტო განაკვეთის ტიპი Euroribor-ზე დაფუძნებული ფიქსირებული მარჟით. პროექტი შედგება სამი ნაწილისგან და მოიცავს COVID-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდასა და კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას ასევე, COVID-ით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას.

სხდომაზე მხარი ასევე დაუჭირეს „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე ხელშეკრულებას.

საკითხი განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. შეთანხმების მიზანია, საქართველოს ეკპონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების ხელშეწყობა, რომელიც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA)-ს მიერ განხორციელდება. შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას საქართველოს სოციალურ-ეკპონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მხარეთა შეთანხმებით, მოხალისეებს შეეძლებათ საქართველოს აღმოუჩინონ დახმარება სოფლის განვითარებისა და სასოფლო მეურნეობის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, კულტურის, საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად