პარლამენტში ელექტრონულ სიგარეტსა და გახურებად თამბაქოს ნაწარმის საყოველთაო გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს სილვიუ დომენტესა
და ამავე ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდებიან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წარმოადგენს ჯანდაცვის საკითხებზე
მომუშავე გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოს, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 194
ქვეყანაში. ორგანიზაციის საქართველოს ოფისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყანასთან თანამშრომლობის
გაძლიერების, ადმინისტრირების, კონსოლიდაციის და მართვის საქმეში. იგი ხელს
უწყობს კავშირების დამყარებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და
მთავრობას შორის, უზრუნველყოფს მთავრობის დროულ ინფორმირებას
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკის შესახებ და შეიმუშავებს
სტრატეგიასა და საქმიანობის სამოქმედო გეგმას ჯანდაცვის სექტორის განვითარებისა
და ჯანდაცვის ინტერსექტორულ საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების
მიწოდებისას.

ბოლო წლების განმავლობაში ეს ორგანიზაცია ტექნიკურ დახმარებას უწევს
საქართველოს ხელისუფლებას თამბაქოს ეპიდემიის დასაძლევად, რაც მოსახლეობის
სასიცოცხლო ინტერესების დაცვას ემსახურება. საკანონმდებლო რეფორმის
განხორციელების პერიოდში, ამ ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანას
ესტუმრა არაერთი საკმაოდ ავტორიტეტული ექსპერტი, რომელთა რეკომენდაციები
გახლდათ უმნიშვნელოვანესი, რათა ჩვენი ქვეყანის საკანონმდებლო რეფორმა
აღიარებული ყოფილიყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იგი
მოიხსენიება ყველაზე ეფექტიანი, ახალი გენერეციის კანონების მქონე ქვეყანათა
შორის.

შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ იმ პრობლემებს, რომელიც შესაძლოა
წარმოიქმნას ელექტრონულ სიგარეტსა და გახურებად თამბაქოს ნაწარმის
საყოველთაო გავრცელებასთან დაკავშირებით; აგრეთვე იმსჯელებენ იმ პრობლემურ
საკითხებზე, რაც მოცემულ ეტაპზე შესაძლოა დადგეს ქვეყნის წინაშე. ორგანიზაციის
მიერ კომიტეტის წინაშე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული რეკომენდაციები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად