პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შესახებ

​პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვით, განათლების სისტემის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საქმე ეხება საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებს განათლების სისტემის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

“კანონპროექტის მომზადება განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორებამ განაპირობა. კერძოდ, მთავრობის განცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, განათლების სისტემაში დაფინანსების ეტაპობრივმა ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანი განათლების მიღებას. მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ თავისი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის – განათლების მიმართულებით, განახორციელოს რეფორმების ახალი, კომპლექსური და მრავალმხრივი ეტაპი.

დაგეგმილია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტის, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიღრმისეულად გააზრებას, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება განიხილება როგორც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის უმთავრესი წინაპირობა”, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

მთავრობის ინფორმაციით, განათლების სისტემის დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მოიცავს ყველა მიმართულებას – დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან, დამთავრებული უმაღლესის შემდგომი და მეცნიერების მიმართულებებით.

კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის პირველი იანვარი.

კანონპროექტის ავტორია მთავრობის ადმინისტრაცია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...