პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას ინიციატივის განხილვაზე უარი თქვა

პარლამენტმა 81 ხმით 1 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების” შესახებ და არ გაითვალსიწინა დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ალტერნატიული საკნონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, ევროკავშირისა და აშშ საელჩოს რეკომენდაციებს.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, დადგენილების პროექტის წინააღმდეგ მიცემული ერთი ხმა მას ეკუთვნის.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებული ტესტი ვერ ჩააბარა. ამის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს წარვადგინე ალტერნატიული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისთვის. საქართველოს პარლამენტმა ისე მიიღო ცვლილებები კანონში, რომ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, ევროკავშირისა და აშშ საელჩოს რეკომენდაციები. რეკომენდაციათა გაუთვალისწინებლობამ მისცა შესაძლებლობა იუსტიციის საბჭოს წარემართა შერჩევის პროცესი ისე, რომ არ დატოვა მიუკერძოებლობის და ობიექტურობის განცდა. ამით კი ზიანი მიადგა სასამართლოს რეპუტაციას.
ჩემს მიერ წარდგენილი ალტერნატიული კანონპროექტი ეფუძნება იმგვარ პრინციპებს როგორიც არის: ღია კონკურსი და კანდიდატების საჯარო დასახელება, შერჩევის სამართლიანი
პროცესი, სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები, არჩევის ცხადი შესაძლებლობა და შერჩევის კრიტერიუმები, ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები, პარლამენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციები და ე.წ გრძელი სიის წარდგენა, კანდიდატის ნომინირების ან უარყოფის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება, მოსმენის და განხილვის გამჭვირვალე წესები, გენდერული ბალანსის დაცვა.
კანონპრექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა ვენეციის კომისიის,
ევროკავშირის , ევროპის საბჭოს და აშშ-ს საელჩოს მიერ. ასევე, გათვალისწინებული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც:”-წერს ეკა ბესელია.

 

ცნობისათვის, “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტში ივლისში დარეგისტრირდა.

ახლა პროექტის ინიციატორები მის დაჩქარებულ განხილვას ითხოვენ. პროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება. „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად