პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

რეგისტრაცია გაიარა 101-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტს შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებლ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ცვლილებების თანახმად, ტერმინების – „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ განსაზღვრა კანონმდებლობის დონეზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „იზოლაცია“ ნიშნავს – ავადმყოფის, ინფიცირებული ან შესაძლო ინფიცირებული პირის განცალკევებას სხვა ადამიანებისგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან ისეთ პირობებში, რომელიც შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას.

„საკარანტინო ღონისძიებებთან“ მიმართებით კი განმარტებულია, რომ ეს არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, ასევე ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

ამასთან, კანონპროექტით ზუსტდება, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ამ წესის შემადგენელი ნაწილია.

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პროცესები უმართავი არ გახდეს, საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იყოს მიღებული და ამოქმედებული“, – ნათქვამია კანონპროექტში.

ომბუდსმენის აზრით,  “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონპროექტში შეზღუდვების შემოღებაზე კონსტიტუციური სტანდარტები არაა ასახული

შეგახსენებთ: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად