პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის პროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა

პარლამენტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა, „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც 7 კანონპროექტისგან შედგება, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი რეგულირდება. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი განისაზღვრება.

პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განმარტა, რომ „საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც ათიათასობით თბილისელს აწუხებს. ეს არის მათ საკუთრებაში არსებული ობიექტები, რომელიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში და ისინი საკუთრებით სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ“.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები ვრცელდება მხოლოდ ისეთ ობიექტებზე, რომელიც აშენებულია ისეთ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია მშენებლობის ნებართვა ან დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა.

პაკეტის თანახმად, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით. იმ ობიექტებს, რომლებიც აშენებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე და ამ ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს ან დეველოპერებს უფლება ექნებათ კანონის მიღების შემდგომ წარადგინონ შესაბამისი განცხადება და მოითხოვონ ადმინისტრაციული ორგანოდან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო პროცედურების წარმოება.

თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება.

კანონში დაგეგმილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

პაკეტით ასევე განსაზღვრულია ის ვალდებულებები, რომელიც სამომავლოდ დააზღვევს თბილისს იმ ობიექტების ფუნქციონირებისგან, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები მხოლოდ დედაქალაქზე ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...