პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზიციის პროექტი ჩააგდო

პარლამენტმა კენჭისყრის საფუძველზე ჩააგდო ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 3%-იანი ბარიერით და პოლიტიკური ბლოკებით ითვალისწინებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვორუმი 113 იყო, ოპოზიციის კანონპროექტს მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა. (55 წინააღმდეგ წავიდა)

ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იზიარებს, თუმცა ისინი საარჩევნო ბლოკების გაუქმებას ეწინააღმდეგებიან.

შესაბამისად, მათ მიერ ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში, ასევე საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას. კერძოდ, პროექტის თანახმად, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ინიცირებულია ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, გარკვეული ხმების რაოდენობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი მიიღოს. მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნებში 2 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტმა ერთი მანდატი მიიღოს, მას ექნება აუცილებლობა მიიღოს დაახლოებით 14 ათასი ხმა. ანუ ამ შემთხვევაში 2 მილიონი იყოფა 150-ზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად