101 მომხრე, 3 წინააღმდეგი – პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე კენჭისყრა ჩააგდო

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

 

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე 12 ნოემბერს დაიწყო. დღის წესრიგში იყო ორი პროექტი: ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის პროექტი პარლამენტში ჩავარდა, სადაც გათვალსწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად