პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 77  ხმით, ერთხმად მიიღო.

„მნიშვნელოვანი ახალი საკანონმდებლო აქტი იქმნება და ამით ერთი მხრივ, შესრულდება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მოთხოვნები და ამასთან ერთად, ქართული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად დაუახლოვდება ევროპულ კანონმდებლობას“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას.

 კანონპროექტის თანახმად, მოწესრიგდება მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები.

 როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების, საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და  საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების საჭიროებით.

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია და კონსოლიდაცია წარმოადგენს საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებას.