საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით ერთის წინააღმდეგ, 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყარა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. ქვეყნის მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1-მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა.

დოკუმენტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით, 14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარამდე გაიზარდა. ეს 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია.

ბიუჯეტში სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 300 მილიონი ლარი. პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა არის გათვალისწინებული, ხოლო პირველი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა.

2020 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის გამოყოფილია 120 მილიონი ლარი. კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება ანაზღაურების 150-ლარიანი ზრდა.

მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა პოლიციელებისთვის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისა და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის.

ბიუჯეტში გაზრდილია ხარჯები ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 070 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტში თავდაპირველად ეკონომიკური ზრდის ხუთპროცენტიანი მაჩვენებელი ჩაიდო, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, 4.5 პროცენტამდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად