პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს.

როგორც პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კარვის გაშლა არის პროტესტის ფორმა, რითაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდაჭერას გამოხატავენ.

მისივე თქმით, კარავი პარლამენტთან იქამდე იქნება, ვიდრე 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან.

“ეს კარავი არ დაიდგა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ეს დაიდგა ყველა პოლიტპატიმრისთვის და ყველა ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა მოვიდნენ აქ და გამოხატონ პროტესტი. აქ ვიქნებით ჩვენ, ყველანი. ჩემი პარტიის წევრები, გვექნება ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რათა ამ სისხლიან ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები და ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, არ უნდა ისჯებოდნენ”, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

ადგილზე იმყოფებიან 20-21 ივნისს დაკავებული 4 პირის უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ხელმძღვანელი ირაკლი კიკიანი, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი და 20-21 ივნისის დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბიძა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ: 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 19 პირიდან 14 ისევ პატიმრობაში რჩება, მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილი. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი საქალაქო სასამართლომ სევ პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 500 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამი კარავია გაშლილი. ერთი ეკუთვნის მალხაზ მაჩალიკაშვილს, მეორე კი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად