პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

“საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და საიმედო, როგორც დღეს არის” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

“ქართველი და ამერიკელი ხალხების მეგობრობა უკვე თითქმის სამ ათწლეულს მოითვლის. ყოველთვის მადლიერებით აღვნიშნავთ დიდ პოლიტიკურ, მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და საიმედო, როგორც დღეს არის.

ქართველი სტუდენტები სწავლობენ ამერიკელ სტუდენტებთან ერთად, ქართველი მეცნიერები მუშაობენ ამერიკელ მეცნიერებთან ერთად მიღწევათა გაუმჯობესებისთვის. ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს არა ერთ წერტილში იცავენ მშვიდობას და უსაფრთხოებას, ხოლო ქართველი პოლიტიკოსები თანამშრომლობენ ამერიკელ პოლიტიკოსებთან დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცებისთვის. ეს ურთიერთობები ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი. გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. წარმატებებს ვუსურვებთ ამერიკას და ამერიკელ ხალხს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა. საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...