პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ასამბლეას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა PABSEC-ის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელსაც, მხარეების შეფასებით, წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია.

ხაზი გაესვა ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ამასთანავე, აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება.

ასაფ ჰაჯიევმა კახა კუჭავას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტად სტამბულში მიიწვია.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეული ვიცე პრეზიდენტი, დავით სერგეენკო და ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები
იტვირთება...