პარლამენტის თავმჯდომარე ირმა ინაშვილთან შეხვედრას გეგმავს

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისში დღეს მიმდინარე და სხვა საერთაშორისო კონფერენციები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირმა ინაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

“ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ოფიციალური პირები, რომლებიც ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან მონაწილეობენ მაღალი დონის კონფერენციებში, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მიუხედავად იმისა, თუ რა კამათი, რა დისკუსიები შეიძლება მოხდეს ასეთ კონფერენციებზე, ეს ვერანაირად ვერ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ეს თანამშრომლობა არ არის დამოკიდებული კონკრეტულ პიროვნებებზე. ეს არის ხალხებს შორის მეგობრობა და მთავრობებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთობები. ოპოზიციას ან ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა იქნება, ზოგად შეფასებებს ნუ გავაკეთებთ ასეთი საკითხების განხილვის შემდეგ. მე ძალიან ყურადღებით მოვისმინე თქვენი წუხილები. ქალბატონ ირმასაც შევხვდები და გავესაუბრები ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომში ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...