პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღო და რუსეთის ნაბიჯები დაგმო

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, რომლითაც რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებასთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამასთან ერთად, მივესალმებით ურთიერთობის გაღრმავებას ნატო-სა და უკრაინას შორის და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მივიჩნევთ.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...