პარლამენტი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავს 

პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

პროექტის განხილვის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ გეგმავენ და ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

ცვლილებებს მხარს უჭერენ „პატრიოტთა ალიანსი“, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომელთა ხმებიც ცვლილებების მისაღებად საკმარისი იქნება.

პროექტის თანახმად:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

საარჩევნო ბლოკები 

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

გაუნაწილებელი მანდატები:

ისინი განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები, ვაკის რაიონი, საბურთალოს რაიონი, ისნის რაიონი, სამგორის რაიონი, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები, გლდანის რაიონი, ნაძალადევის რაიონი.

რეგიონების ოლქები:

კახეთში – 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები, ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები);

ქვემო ქართლი – 3 ოლქი (ერთში გაერთიანდება რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები, მეორეში – მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები, მესამეში – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები);

შიდა ქართლი – 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები; მეორეში – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები),

მცხეთა მთიანეთი – 1 ოლქი (მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები),

სამცხე ჯავახეთი – 2 ოლქი (ერთში გაერთიანდება ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები, მეორეში – ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები),

გურია – 1 ოლქი (ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები),

სამეგრელო – 3 ოლქი (ერთი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; მეორე – ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; მესამე – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები),

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი 1 ოლქი – (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები),

იმერეთი – 4 ოლქი (ერთი – ქუთაისის მუნიციპალიტეტი, მეორე – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები, მესამე – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები, მეოთხე – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები),

აჭარა – 3 ოლქი (ერთი – ბათუმის მუნიციპალიტეტი, მეორე – ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები, მესამე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად