პარლამენტი ინტერპელაციის წესით დღეს მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენს

პრემიერი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენური ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა.

ინტერპელაციის წესით დაიბარა პარლამენტში “ევროპულმა საქართველომ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. ბატაშვილის მიმართ კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას შეეხება.

როგორც, გიორგი კახიანი განმარტავს, პირველი შემთხვევაა, როდესაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და ისაუბრებს ინტერპელაციის გზით დასმულ კითხვაზე.

„პროცედურა არის შემდეგი – თავდაპირველად კითხვის ავტორი წარდგება პარლამენტის წინაშე ათ წუთიანი გამოსვლით და განმარტავს კითხვის არსს, თუ რატომ დაისვა კითხვა, რატომ არის აქტუალური.ამის შემდეგ პრემიერი წარდგება პარლამენტის წინაშე და უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას , რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული. ინტერპელაციის მექანიზმი , განსხვავებით სხვა პროცედურებისგან არ ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც პარლამენტის ყველა წევრს შეუძლია კითხვა დაუსვან მთავრობის წარმომადგენელს .

რაც შეეხება დებატებს, დებატები წარიმართება შემდეგი წესით : თავდაპირველად პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ექნებათ 5 წუთიანი გამოსვლების შესაძლებლობა. ამის შემდეგ, 15-15 წუთი მიეცემათ ფრაქციებს, შემდეგ კი 45 წუთი უმრავლესობას. მას შემდეგ, რაც დებატების პროცესი დასრულდება, პრემიერს ეძლევა შესაძლებლობა პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს“, – განმარტავს გიორგი კახიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...