პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი განიხილა, სადაც კონკრეტული თარიღი დაფიქსირებული არ არის

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით რედაქტირებული სახით წარმოადგინა პარლამენტის ჯანდაცვის საკიტხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

კანონპროექტის პირველ ვარიანტში, რომელიც გუშინ, დათქმის პრინციპით პირველი მოსმენით იქნა მიღებული  მითითებული არ იყო, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საკარანტინო ღონისძიებების, მათ შორის გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დროებით, პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს.

კონკრეტული თარიღი, სადამდეც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეეძლება, კანონპროექტის რედაქტირებულ ვარიანტში არ ჩაწერილა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კონკრეტული თარიღი მსჯელობის შედეგად გადაწყდება.

კანონპროექტის რედაქტირებულ ვარიანტში საკარანტინო ღონისძიებები განიმარტება როგორც ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა შეხება ან შესაძლოა ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში;

საკარანტინო ღონისძიებებში, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად