პარიზში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 152 ადამიანი დააკავა

პარიზში, საფრანგეთის ნაციონალური დღესასწაულის – ბასტილიის აღების დღის დასრულებიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 152 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ აკრძალული იარაღის გამოყენება, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობა, ქონების დაზიანება და არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა, რის შესახებაც წინასწარ ქალაქის ხელისუფლებას არ აცნობეს.
აღლუმზე დასასწრებად საფრანგეთში ათი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. აღლუმზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 196 ავტომობილი, 237 ცხენი, 69 თვითმფრინავი, 39 ვერტმფრენი, 4 ათასზე მეტი ჯარისკაცი.
მსვლელობის დასრულებისთანავე ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა.
ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ისინი ანტი-სამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, მსვლელობის პერიმეტრზე კი ლითონის ბარიერების დემონტაჟი დაიწყეს და ნაგვის ურნები დააზიანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...