პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, ამის შესახებ პარიზის სახანძრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ პლუსმა განაცხადა.

“ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამჟამად სპეციალისტები ექსპერტიზის ჩატარებას დაიწყებენ”,- აღნიშნა მან.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას 12 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია არ ჩართულა, რათა ტაძარი საერთოდ არ დანგრეულიყო.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლებიამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

“აიპრესი”გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...