პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარი შესაძლოა 5-6 წლით დაიხუროს

პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარი ხუთიდან ექვს წლამდე დაიხურება. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ ტაძრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატრიკ შოვემ განაცხადა.

მან შენიშნა, რომ შენობის ნაწილი სერიოზულად დაზიანდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 16 აპრილს განაცხადა, რომ ტაძარი 5 წელიწადში უნდა შეკეთდეს.
ასევე, სარესტავრაციო კომპანია SOCRA- ის წარმომადგენელმა პატრიკ პალემ განაცხადა, რომ შენობის რეკონსტრუქციას 15-20 წელიწადი დასჭირდება.

ტაძრის აღდგენის მიზნით, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო ფონდების მოძიება გადაწყვიტა. RTL- ის თანახმად, დღე-ღამეში შემოწირულობების ოდენობამ 1 მილიარდი ევრო შეადგინა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად