პარიზმა მანჩესტერი ნეიმარის და კავანის გარეშე აიღო (ვიდეო)

მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” “პარი სენ-ჟერმენს” მასპინძლობდა.

პარიზელებმა, რომელთა რიგებშიც ტრავმის გამო ბრაზილიელი ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი და ურუგვაელი ედინსონ რობერტო კავანი გომესი არ იყვნენ, ორჯერ შეძლეს ესპანელი დავიდ დეა ხეას კარის აღება და “ოლ-ტრაფორდზე” შეკრებილი მანკუნიანელთა 74054 მაყურებელი მანკუნიანელთა მწვრთნელის, ულე გუნარ სოლსკიაერის მიერ პირველი წაგებული მატჩის მოწმე გახადეს.

ულე გუნერ სოლსკიერმა, რომლიც განკარგულებაშიც არ იყვნენ მცველები, არგენტინელი მარკოს როხო და იტალიელი მატეო დარმიანი და თავდამსხმელი, ეკვადორელი ანტონიო ვალენსია, ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, დაცვიდან თამაშს, საკუთარი კარის მისადგომების საიმედოდ გადაკეტვას და კონტრშეტევებზე თამაშს შეეცადა და ამის გამო დაისაჯა. თუ პირველ ტაიმში ფრანგები თავადაც ფრთხილობდნენ და მანჩესტერელთა თამაშის მანერასთან შეგუებას ცდილობდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში მათ ბრჭყალები გამოაჩინეს, უფრო თამამად შეუტიეს და ორი სწრაფი გოლი გაიტანეს დე ხეას კარში.

აღსანიშნავია, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მცველმა პრესნელ კიმპემბემ პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 97-ე მატჩში პირველად მოახერხა გოლის გატანა, ხოლო 7 წუთის შემდეგ, მე-60 წუთზე , კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-14 გოლი გაიტანა 24-ე მატჩში და ზინედინ ზიდანს წამოეწია. ზიზუმ 14 გოლი 80 თამაშში გაიტანა. ორივე გოლის დროს ასისტენტის როლში ყოფილი მანჩესტერელი, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეული არგენტინელი ანხელ ფაბიან დი მარია ფერნანდესი იყო.

მანჩესტერელთა სუსტ გაბრძოლებას და მცდელობას, გაეტანათ გოლი, შედეგი არ მოყოლია, თამაშის მიწურულს კი მეტოქის საჯარიმოში მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო, იტალიელმა არბიტრმა დანიელო ორსატომ მანჩესტერელთა ფრანგი თავდამსხმელი პოლ ლაბილ პოგბა გააძევა მინდვრიდან და მეოთხედფინალში მანკუნიანელთა გასვლის შანსები მინიმუმადე დაიყვანა.

მანჩესტერში მიმდინარე მატჩის პარალელურად გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩში “რომა” “პორტუს” მასპინძლობდა. მასპინძლები 19 წლის ნიკოლო ძანოლოს მიერ 70-ე და 76-ე წუთებზე გატანილი გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე, 79-ე წუთზე, პორტუგალიელთა ესპანელმა თავდამსხმელმა ადრიან ლოპეს ალვარესმა საპასუხო გოლი გაიტანა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...