პაპუაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე: ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარ სპეკულაციას

„ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, ამბიციური რეფორმა, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით“.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილის ზრდა, მეორე-საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული ნაწილის დაკომპლექტება პარიტეტული პრინციპით, მესამე- უბნების ავტომატური გადათვლა – 73 ოლქში, ყოველ ოლქში ხუთი უბანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა და გადაითვლება, რაც ჯამში არის 365 უბანი, ანუ, უბნების 10% ამ არჩევნებზე და შემდეგ არჩევნებზეც ავტომატურად გადაითვლება. ასევე, მნიშვნელოვნად გამოსწორდა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ნორმები, ისევე, როგორც აგიტაციასთან დაკავშირებული ნორმები“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ ოპონენტები სამუშაო პროცესში არ არიან ჩართულები.

„ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ოპონენტები ერთის მხრივ, გუშინდელი შეხვედრიდან გამოვიდნენ კონსტრუქციული მესიჯებით, თითქოს და დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ასეთ პროცესებში იყვნენ ჩართული და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ისინი აყენებენ, ამ საკითხში მიიღონ მათ მონაწილეობა, ნაცვლად ამისა, პარლამენტის შენობასთან საყვირებით მოვიდნენ და ამით გამოხატავდნენ სავარაუდოდ, დიალოგის იმ ფორმას, რომელიც მათთვის მისაღებია“,-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მან ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტში შემოსვლისა და სამუშაო პროცესში ჩართვისკენ.

შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანია, რომ ის ოთხთვიანი ტყუილი, რასაც ჩვენი ოპონენტები აკადრებენ ქართულ საზოგადოებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ამ ოთხთვიან ტყუილთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს რამე მაინც ნახონ თავისი თვალით, აღმოაჩინონ, რამე ფაქტი არსებობს თუ არა და გვაჩვენონ ჩვენ და საზოგადოებას. მოიყვანონ ის 11500 პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი იმ ოქმებზე – ვკითხოთ, ვინმემ დააშინა, მოატყუა, რატომ მოაწერეს ხელი იმ ოქმებს, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ თავად, საბოლოო ჯამში, არ ენდობიან. ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ეს საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...