პანკისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ტერიტორიას დაცვის პოლიცია იცავს

სოფელ ბირკიანში,სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა, საგამოძიები მოქმედებები დასრულდა.

ჰესი “ხადორი 3” მშენებლობის მიმდებარედ კი საპოლიციო კონტროლი გრძელდება და დაცვის პოლიციის 50 მდე თანამშრომელი ტერიტორიაზე ორ ჯგუფად არის განლაგებული.

ადგილზე კვლავ დგას ინციდენტის დროს დამწვარი სამშენებლო ტექნიკაც.

პანკისის ხეობის მოსახლეობა 14:00 საათზე შეკრებას და მომხდარზე მსჯელობას გეგმავს, ადგილობრივები მზადყოფნას გამოთქვამენ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად.

“ჩვენ წყნარად მშვიდად გვინდა ცხოვრება,ამაზე წყნარი ხეობა არ არსებობს.ვისთან შეთანხმებით დაიწყეს მშენებლობა,ამხელა ხეობაში 9-10 ადამიანი რომ არის მომხრე ამის საფუძველზე მოხდა ამხელა ამბავი.ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთავრობას და კიდევ ერთხელ ავუხსნათ,ჩვენი წინააღმდეგობის მიზეზი.”- განაცხადა ადგილობრივმა რამაზ კუშტანაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...