პანდემიის პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა 50 000 ლარი გამოიწერა და ჰონორარად დაიმატა

მაშინ როდესაც ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, მაშინ როდესაც პანდემიამ არ დატოვა არცერთი ადამიანი რომელსაც არ შეეხო, მაშინ როდესაც ისედაც უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ყოველდღიური საარსებო წყაროს ძიებაშია, მაშინ როდესაც სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მაშინ როდესაც პრემიერმა სახელმწიფო მოხელეებისთვის ქამრების შემოჭერა დაანონსა და საბიუჯეტო სახსრების შემცირება მოითხოვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა წლის ბოლოს გადაწყვიტა ბიუჯეტიდან 50 000 ლარი არც მეტ არც ნაკლები, საკუთარი, ისედაც მაღალი ანაზღაურებისთვის ჰონორარის სახით დაემატებინა.

ერთადერთი “არგუმენტი” რაც მათ აქვთ, ეს გახლავთ კანონი, რომელიც მათ თურმე თვის ბოლოს ამის საშუალებას აძლევს. თუმცა, ისინი “აიპრესთან” საუბრისას ამტკიცებენ, რომ აღებულ თანხას საქველმოქმედოდ ან სოციალური მიზნით გამოიყენებენ.

რის საშუალებას აძლევთ მათ მორალური კანონი, ამოს გარკვევა “აიპრესმა” საზოგდოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებთან სცადა. აქვე გაცნობებთ, რომ ამ გადაწყვტილების მიღების წინააღმდეგი იყო ბორდის წევრი, გია მურღულია და მიხეილ ჩიკვილაძე.

როგორც “აიპრესისთვის” ხდება ცნობოლი, გია მურღულია ითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუ რა ნამუსით აპირებდნენ ამის გაკეთებას როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაცია იყო. განსაკუთრებით ბორდის ის წევრები, რომლებიც სულ რაღაც 2 თვეა არჩეულები არიან.

ერთ-ერთი ვინც ამ გადაწყვეტილების ეწინააღმდეგებოდა მიხეილ ჩიკვილაძეა, თუმცა ამბობს, რომ მას თავისი მოსაზრებები ჰქონდა, რაც ბორდმა არ გაიზიარა.

„ეს არ არის პრემიები, ეს არის დანახარჯის დანაზოგი, რომელიც არ იქნა ათვისებული.  არავის არანაირი პრემია არ გამოუწერია. შეცდომაში ნუ შეიყვანთ მკითხველს.

ტერმინოლოგიურად ეს ნიშნავს იმას, რომ ბორდმა არ აითვისა ბიუჯეტი. ამიტომ 82 000 ლარი დაუბრუნდა მენეჯმენტს, რომელიც ამას გახარჯავს, ხოლო დანარჩენი ბორდის წევრებზე გადანაწილდება, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს მთლიანად გადანაწილდება საქველმოქმედო, ან სოციალურ ფონდში“, – ამბობს ბორდის წევრი.

მისი თქმით, ეს მას ეწინააღმდეგებოდა იმიტომ, რომ მას თავისი მოსაზრება ჰქონდა.

„მე მქონდა მოსაზრება, რომ ეს აუთვისებელი თანხა მთლიანად გადარიცხულიყო მენეჯმენტის ბალანსზე და გამოეყენებინათ ახალი პროექტებისთვის თუ ძველი პროექტების დასასრულებლად“, – თქვა ჩიკვილაძემ.

კითხვაზე მის მოსაზრებასთან პანდემია არაფერ კავშირშია და რამდენად სწორად მიაჩნია, რომ პანდემიის პირობებში მოხდეს „ამ აუთვისებელი“ თანხის გადანაწილება მეურვეებზე? – ჩიკვილაძე ასე პასუხობს:

„ეს არის ბორდის კუთვნილი თანხა. ეს არის პარლამენტის მიერ დადგენილი ბიუჯეტის შესაბამისად. ასე, რომ ეს უნდა მოიცავდეს მშპ-ს 1%-ს. რჩება ეს თანხა, რომელიც აუთვისებელია და გაიცემა ჰონორარების სახით. ამ შემთხვევაში ნაწილი მენეჯმენტზე განაწილდება, ნაწილი კი გადავა დახმარებებისთვის – ეს შეიძლება იყოს კოვიდის დახმარებისთვის, ან საქველმოქმედო, მე ამას ვერ განვსაზღვრავ. ბორდის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ეს ასე გაეკეთებინათ და ჩემი მოსაზრება მათ არ გაიზიარეს“, – გვითხრა მიხეილ ჩიკვილაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე “აიპრესთან” ამტკიცებს, რომ ამ თანხას მეურვეები ჯიბეში არ ჩაიდებენ და სოციალურ საჭიროებებს მოახმარენ. ამბობს, რომ კოვიდ პანდემიის გამო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

“ეს ეხება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს ჰონორარების ნაწილს რაც კანონით არის განსაზღვრული. მოგვრჩა ნაშთის სახით 132 450 ლარი. 82 000 გადავიტანეთ 2021 წლის ბიუჯეტში, მაუწყებელი სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენებს ამ თანხას. 50 000 ლარი კი თანაბრად გადანაწილდება საბჭოს წევრებზე.

შექმნილი კოვიდ მდგომარეობიდან გამომდინარე ძირითადად ეს თანხა გადანაწილებული იქნება, როგორც თანამშრომელთა საჭიროებების მიხედვით დასახმარებლად, ასევე სხვადასხვა სოციალური სახით. ეს არ არის დანამატი ტექნიკურად ერთადერთი ვარიანტი გვქონდა, რომ ჩვენ თავად თანაბრად გადაგვენაწილებინა თითოეულ წევრზე. თანხა კი სრულად წავა ერთის მხრივ თანამშრომლების დასახმარებლად, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ანალოგიური სოციალური პროექტი ჩვენ შარშანაც განვახორციელეთ და ასევე სოციალური პროექტების მიხედვით გადავანაწილებთ. სამართლებრივი ნაწილი ისევე როგორც მორალური არის გამართული. თითოეული საბჭოს წევრი ერთობლივად მოვახდენთ თანხის გადარიცხვას და ეს იქნება გასაჯაროვებული”, – ამბობს ფუტკარაძე.

კითხვაზე, – უხეშად რომ ვთქვათ, მეურვეები ამ თანხას ჯიბეში არ ჩაიდებენ? – პასუხობს, რომ ამის სამართლებრივი ნაწილი, ისევე როგორც მორალური, გამართულია.

“ეს ჩვენი საჰონორარო ნაწილი იყო და ჩვენი კეთილი ნებით მოხდა ეს. საბჭოს წევრები ერთობლივად მოვახდენთ ამ ტიპის დახმარებას. ეს იქნება გასაჯაროებული და დეკლარირებული”, – ამბობს ფუტკარაძე.

კითხვაზე, საბჭოს ორი წევრი მაშინ რატომ იყო ამის წინააღმდეგი? – პასუხობს:

“ბუნებრივია თითოეულ წევრს აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, თქვენ თუ ნახავთ ჩვენს დისკუსიას მიხვდებით, რომ არც ერთ წევრს მორალურად ამის უფლება არ გვაქვს, ბოლო თეთრამდე მოხდება გადარიცხვა და ეს იქნება დეკლარირებული. ისევე როგორც არ მიგვაჩნდა მიზანშეწონილად რომ მთლიანი თანხა გადასულიყო ბიუჯეტში გონივრულად გავაკეთეთ”, – გვითხრა ირინა ფუტკარაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად