PACE-მ მიიღო რეზოლუცია ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ივნისის დასაწყისამდე. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელიც სტრასბურგში დამტკიცდა ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 105 დეპუტატმა, 26 ეწინააღმდეგებოდა მის მიღებას. რუსეთის დეპუტატების გარდა, მას მხარი არ დაუჭირეს სომხეთისა და აზერბაიჯანის დეპუტატებმა. სერბეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა კი თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, “დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგი სხდომის დაწყებამდე.”

“გათავისუფლებამდე, ჩვენ მოვითხოვთ, უზრუნველყონ ნავალნისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, მათ შორის ექიმის გამოკვლევა და მკურნალობა და მისი უფლებების სრულად დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ რუსული მხარე არ შეასრულებს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ნავალნის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...