პაატა შეშელიძე: საქართველო ინსტიტუციური თვალსაზრისით იხვეწება და სტაბილურობას იძენს

"საქართველო უკვე მესამე წელიწადია ინარჩუნებს ადგილს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ათეულში, სადაც მეშვიდე ადგილზე გავედით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციური თვალსაზრისით ქვეყანა იხვეწება და სტაბილურობას იძენს," – განაცხადა "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ.

Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიში "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება", რომელიც 2016 წლის პერიოდს აფასებს, საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით 2 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-7 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის. წინა წელთან შედარებით, ასევე, გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 8,02 ქულა შეადგინა.

პაატა შეშელიძის განცხადებით, "ეკონომიკური თავისუფლება" მსოფლიოში წარმატებული კვლევაა, რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო ეცნობა, ასევე "აკვირდება, როგორ იცვლება მათი კონკურენტი ქვეყნების, სხვა ქვეყნების ვითარება, ასევე მეწარმეები უყურებენ სად შეიძლება უფრო გონივრული ინვესტიციის გაკეთება," – განაცხადა მან. "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური თავისუფლება საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი იქნება.

საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 2 ინდიკატორში "მყარი ვალუტა" (გაუმჯობესდა 0,23 ქულით და 9,22 ქულა შეადგინა) და "რეგულაცია" (გაუმჯობესდა 0,45 ქულით და 8,49 ქულა შეადგინა) მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.

"მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება" შემუშავებულია  კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და  დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი,  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...