პაატა სალია: მიმაჩნია, რომ სასამართლო განჩინება არის დასაბუთებული

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მიიჩნევს, რომ სასამართლომ დასაბუთებული განჩინება გამოიტანა.

როგორც პაატა სალიამ ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა "20/30"-ში განაცხადა, მოსამართლემ პროცესუალურად სამართლებრივი ნორმებით  სწორად იხელმძღვანელა.

"არასწორია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული აკრძალვა დაირღვა. ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ დღეს, "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, რომლითაც მოსამართლე ურთმელიძემ განჩინება გამოიტანა. მიგვაჩნია, რომ სასამართლო განჩინება არის დასაბუთებული".

რაც შეეხება განჩინებაში ტელეკომპანიის ობიექტურობაზე საკითხის მითითებას, ადვოკატი განმარტავს, რომ არსებითად  გადაწყვეტილების საფუძვლად, მოსამართლემ მიუთითა, რომ ტელეკომპანია მუშაობს უჩვეულო რეჟიმში, რამაც, შეიძლება, მისი რეიტინგის დაცემა და საბოლოო ჯამში, ტელეკომპანიის ღირებულების შემცირება გამოიწვიოს.

"გადაწყვეტილებაში ასევე აისახა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების შინაარსიც,” – განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების გადაწყვეტილებას, სალიამ განმარტა, რომ ამ დეტალებზე მას დროებით მმართველებთან არ უსაუბრია და მისთვის უცნობია, რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის ცნობილი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

ჟურნალისტის კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, პაატა სალია განმარტავს, რომ დავა გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში.

“ჩვენ ვაგრძელებთ დავას სასამართლოში და ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ აქვს მნიშვნელობა ეს საერთო სასამართლოები იქნება თუ საკონსტიტუციო. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ ნებისმიერი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა სალიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად