პაატა სალია: აბსოლუტურად გაურკვეველი და მიუღებელია ფინანსთა სამინისტროს განცხადება

ასე ეხმაურება ფინანსთა სამინისტროს განცხადებას “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, პაატა სალია,

“ჩვენ დავიწყეთ მიმდინარე გადასახადების გადახდა. ასე გაგრძელდა 2 თვის განმავლობაში. მხოლოდ ამ თვეს შეგვექმნა გარკვეული პრობლემები და რამდენიმე დღის დაგვიანება გვაქვს მხოლოდ. ამ ფონზე, აბსოლუტურად გაურკვეველი და მიუღებელია ფინანსთა სამინისტროს განცხადება და განსაზღვრული 1 დღე იმისათვის, რომ დავფაროთ დავალიანება. განსაკუთრებით, გასაკვირია იმ ფონზე, რომ 27 მილიონის დავალიანების დაგროვებას, ფაქტობრივად, მათმა უმოქმედობამ შეუწყო ხელი. ანუ, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის უმოქმედობამ შეუწყო ხელი რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც “რუსთავი 2-ს”, წინა მენეჯმენტის პირობებში, მიეცა შესაძლებლობა ამ ოდენობის დავალიანება დაეგროვებინა.

შეუძლებელია, ამხელა დავალიანების ერთბაშად გადახდა. ჩვენ ვსაუბრობთ მათთან გადასახადების გადახდის გადავადებაზე, გრაფიკის შემუშავებაზე, რესტრუქტურიზებაზე. თუმცა, ამ ერთჯერადად შექმნილი პრობლემის გამო, შეიძლება ეს ყველაფერი გაუქმდეს და ჩვენ ვერ მივიღოთ ის შედეგი. კერძოდ ის, რომ მოხდეს გადასახადების გადავადება და ერთი დღის ან რამდენიმე დღის დაგვიანების გამო შეექმნას არხს სერიოზული პრობლემა. იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს ფინანსთა სამინისტრო,”- განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვებული საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიებმა არ დაფარეს დავალიანება, რის გამოც, შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად