თუ იქნება შეთანხმება ოპოზიციის შიგნით და გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეს მხოლოდ წაადგება საერთო ოპოზიციურ პროცესს - ჩვენ ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ გიორგი ვაშაძე, რა თქმა უნდა, იქნება უნიკალური კანდიდატი, მთავარია, ახლა ამაზე შეთანხმდეს დანარჩენი ოპოზიცია,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პრემიერობის საკითხს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერობასთან დაკავშირებული საკითხი ამ ეტაპზე არ იხილება, მაგრამ ჩვენ ვიხილავთ დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც იქნება არა მესამე ძალა, არამედ ძალა, რომელიც დაამარცხებს ხელისუფლებას არჩევნებში. სრულდება მოლაპარაკებების პირველი ფაზა და ეს შემიძლია დავადასტურო. ასევე, ვფიქრობთ, რომ მინისტრის კაბინეტი უნდა იყოს დასახელებული იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდას გამოეცალოს ძალა და არ დააშინონ ადამიანები, რომ ვიღაც მოდის, ვიღაც ბრუნდება და ა.შ. ახალი ლიდერების დრო მოვიდა და ამას ნახავს ყველა ერთად, პროფესიონალი ადამიანები იქნებიან ამ პროცესში.

რაც შეეხება დაბრუნებას - "სტრატეგია აღმაშენებელი" არ უქმდება, არც სხვა პარტიები "ნაციონალური მოძრაობა", არც ვინმე რომელიმე პარტიაში ერთიანდება. პირიქით, ვქმნით ახალ ზეპარტიულ, ზეეროვნულ პროცესს, სადაც მთავარი იქნება არა პარტიები, არამედ ადამიანი და ახალი თაობის ლიდერები. ჩვენ კარს ვუხსნით პროქართულ, პროეროვნულ, პროდასავლურ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ეროვნული ინტერესი. ეს არის ახალი ეროვნული პროცესი.

ჩვენ ვსაუბრობდით კრიტერიუმებზე და მთავარი კრიტერიუმი არის გაკეთებული საქმე, რისი გაკეთების რესურსი აქვს კონკრეტულ ლიდერს. თუ ამაზე მიდგა საქმე 28 წლის გიორგი ვაშაძემ, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა უნიკალური რეფორმა იუსტიციის სახლების სახით, რომელზეც საუბრობდნენ ინგლისის პარლამენტში, ამაზე გადაცემებს აკეთებდა მსოფლიო სხვადასხვა მედია - დღეს საქართველო ცნობილია ქვის და კვერცხის სროლით. ამ პარადიგმის შეცვლა ნამდვილად შეუძლია გიორგი ვაშაძეს. თუ იქნება შეთანხმება ოპოზიციის შიგნით და გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - ეს მხოლოდ წაადგება საერთო ოპოზიციურ პროცესს", - განაცხადა მანჯგალაძემ.