პაატა კვიჟინაძე: გუშინ ჩამოვფრინდი საქართველოში, ლარის გაუფასურებაზე საქმის კურსში არ ვარ

NULL

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საქმის კურსში არ არის, რადგან 1 კვირაა საქართველოში არ ყოფილა და ამაზე ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს უნდა ესაუბროს.

„აიპრესის“ კითხვაზე, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას 8 სექტემბერს ჩვენთან გაკეთებული განცხადებების გამო, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 2.4-დან, 2.5-მდე იქნებოდა პასუხობს, რომ 100%-იანი სიზუსტით ვერავინ გააკეთებს პროგნოზს. ამბობს, რომ არაფერი ხდება ქვეყანაში ისეთი, რასაც შეიძლება ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუარესება გამოეწვიოს.

ლარის კურსთან დაკავშირებით არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, რითი ხსნით პირადად თქვენ ამ ყველაფერს?

გუშინ ჩამოვფრინდი საქართველოში. ნამდვილად ვერ გეტყვით ვერაფერს. რამდენიმე დღეში თუ დამირეკავთ, გაგცემმთ პასუხს.

თუმცა, დღეს და გუშინ არ დაწყებულა ეს ვითარება…

1 კვირის წინ, მე როდესაც გავფრინდი არ იყო ეს ვითარება.

7-8 დღის წინ დაიწყო ლარმა ვარდნა. არჩევნებმა ჩაიარა და რამდენიმე დღეში ლარის კურსის დაცემის პროცესი დაიწყო…

სხვანაირად რანაირად გითხრათ? გითხარით, რომ საქმის კურსში არ ვარ.

თქვენ გააკეთეთ განცხადება “აიპრესთან” 8 სექტემბერს, პირადად მე გესაუბრეთ. მაშინ თქვით, რომ დოლართან მიამრთებაში ლარის კურსი 2.4-დან 2.5-მდე იქნებოდა ძირითადად…

დღესაც ასე ვფიქრობ, რომ მანდ იქნება.

თუმცა, რეალობა სხვა რამეს გვაჩვენებს…

ეს არის დროებითი პროცესი. ხან ზევით წავა, ხან ქვევით. 100%-ით ვერავინ გეტყვის, სად იქნება ლარის კურსი. მე ვთვლი, რომ არაფერი ხდება ისეთი, რომ 2.4-დან 2.5-ზე ზემოთ იყოს. მაგრამ მე უნდა ველაპარაკო ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს. მოვიკითხო პრობლემები და მერე გაგცემთ პასუხებს. ექსპორტი იზრდება, ტურისტთა რაოდენობა იზრდება და არ ჩანს ისეთი არაფერი, რამაც შესაძლოა გამოიწვიო გაუფასურება. ფუნდამენტური არაფერი ხდება ისეთი, რომ ლარი გაუფასურდეს. ეს ალბათ არის ერთჯერადი მომენტები, მაგრამ რა? ეს მე არ ვიცი ჯერ და ამიტომ ვერ გპასუხობთ.

თქვენ როგორც დეპუტატი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პირველი მოადგილე გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებების გამო?

რა განცხადებების გამო?

რაზეც გესაუბრეთ, რომ კურსი იქნებოდა 2.4-დან 2.5-მდე…

ვინ გეტყვით 100%-იანი სიზუსტით?! მე ვთქვი, რომ დაახლოებით მაგ ფარგლებში იქნებოდა. ახლაც ასე ვფიქრობ. არაფერი ხდება ფუნდამენტური, შეიძლება ცოტა იქით წავიდეს, შეიძლება ცოტა აქეთ. ვერავინ იტყვის, ვერც ოპოზიცია და ვერც ვერავინ რომ ქვეყანაში რაიმე ისეთი ხდება, რომ ლარის გაუფასურება მოხდეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით ხვალ 1 ლარი 2.6112 ლარი ეღირება, ხოლო სავალუტო ჯიხურებში მისი კურსი კიდევ უფრო მაღალია. დღეის მდგომარეობით 2.63-დან 2.64 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

ცნობისთვის, პაატა კვიჟინაძემ 8 სექტემბერს “აიპრესთან” ასეთი განაცხადება გააკეთა: “ამ წუთში ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.4-დან 2.5-მდე იქნება. შესაძლოა რაღაც მომენტში აცდეს, რაღაც მომენტში დაბლა ჩამოვიდეს, მაგრამ სტაბილურად იქნება ერთ ადგილზე”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად