პაატა იმნაძე: ლუგარის ცენტრზე დე ფაქტო უშიშროების განცხადება სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა

2020 წლის 3 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებულმა ცხინვალმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი დააკავა.

14 დღის შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებამ გაავრცელა განცხადება მღებრიშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზად რიჩარ ლუგარის სახელობის ცენტრი დაასახელა.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც სოფელ არცევში და გრომში ბინადრობენ.

მღებრიშვილის თქმით, ის აპირებდა “ღამურების კოლონების“ მოპოვებას, შემდეგ კი 1 ცალის  5000 აშშ დოლარად რეალიზაციას. თუმცა, ეს არ არის პირველი ინტერესი ღამურების პოპულაციის. ეს 2012 წელს დაიწყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა”, – ნათქვამი დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაში. 

დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაზე, „აიპრესი“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა.

მან მხოლო ერთი წინადადებით შეაფასა ოკუპირებული ცხინვალის განცხადება: „სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა“ .

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისის თვეში  რუსეთმა საქართველოში “ლუგარის ცენტრის” ინსპექტირებას მოითხოვა.  მათი აზრით ლუგარის სახელობის ცენტრის საქმიანობა იწვევს სერიოზულ შეკითხვებს აშშ-ის მხრიდან BTWC-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევი მიკრობების მწერების საშუალებით გადატანის მიმართულებით.

მაშინ, რუსული მხარის განცხადებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირამ გამყრელიძემ ასე უპასუხა:

“მე ვიცი ძალიან კარგად რა უდევს ამას საფუძვლად, ამას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და ის, თუ რატომ საქართველოს მთავარი პარტნიორი არის აშშ. დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ. მათი დახმარებით ქვეყანაში 22 ლაბორატორიაა შექმნილი. გადაამზადეს დიდი რაოდენობით ადამიანები და დღეს კორონას პანდემიის დროს გამოჩნდა თუ რა დიდ როლს ასრულებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში. იცით, რა სიტუაციაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ახლა ჩვენ ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დღეს ამ დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ, როგორ ვმუშაობთ. ნამყოფები არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ყველა სართული, ლაბორატორია, თანამშრომელთან ინტერვიუ ჩაწერილი, არაფერი დამალული არ არის. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე“.

კითხვაზე, რატომ თვლის რუსეთი, რომ ლუგარის ლაბორატორია მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„საფრთხე არ არის, თეთრი შური იცით რა არის? – სანამ ამ ცენტრში ჩვენ შესაძლებლობები გვექნებოდა ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, რომელსაც ადრე დასადასტურებლად ვაგზავნიდით რუსეთში, დღეს ეს საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ყველაფერი აქ კეთდება, ჩვენთან, რატომ საქართველოს ორიენტაცია არის ევროპული, ჩრდილო ატლანტიკური ბლოკის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...