პაატა ბურჭულაძე: არ მახსენდება არცერთი ისეთი შიდა მტერი, როგორიც “ქართული ოცნებაა”

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე თავისუფლების მოედანზე გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”-ს აქციას ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავიბრუნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

“მოგესალმებით საქართველო. მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ ამ მოედანზე. მოგესალმებით თქვენ, ჩვენო კანდიდატებო. ქალბატონო ხატია მოგესალმებით, ლევან, ნიკა, გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებთ. ამას წყალი არ გაუვა. ხალხი თქვენ მხარეზეა. სამწუხაროდ კარანტინის გამო ვერ ჩამოვედი, რომელიც საქართველოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს დაუწესა.

საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტერი და მისი მთავარი მტერი ყოველთვის იყო შიდა მტერი. არ მახსენდება არცერთი ისეთი შიდა მტერი, როგორიც “ქართული ოცნებაა”, რომელმაც ამდენი ზიანი მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. თავზე დაგვასვა პრეზიდენტი, რომელმაც ქართული ენა არ იცის და რომლისთვისაც საქართველო არ არის სამშობლო. თავზე დაგვასვა პრემიერი, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა ვიყოთ პატრიოტები და ამავე დროს გულანთებულ ქართველ პატრიოტებს თვალები დათხარა და სისხლი დაღვარა. არაფერს ვამბობ ძალოვნებზე, პროკურატურასა და სასამართლოზე. მაგრამ ვიტყვი, რომ სოციალურ ბაზაში რეგისტრირებულია 1 მილიონი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოსგან დღეში 2 ლარიან დახმარებას ითხოვს. 70 000 ბავშვი უკიდურეს გაჭირვებაშია და 5 წლამდე 300 ბავშვი გვეღუპება ყოველ წელს ჯანმრთელობის და საჭმლის გამო. როგორც კი ამათ გავისტუმრებთ, ყველაფერს ეშველება. მაგრამ რა ეშველება იმას, რაც ამათ დანერგეს და ქართველი ხალხი გადაამტერეს ერთმანეთს.

8 წელია გვეუბნებიან, რომ მიშა მოდის და უნდათ, რომ ის ხალხს შეაძულონ. ამის გამოა, რომ პატრიოტი ადამიანი ივერი მელაშვილი ციხეში ზის. მოდით ყველა დავფიქრდეთ გვიყვარს მიშა თუ არა, პატივს ვცემთ თუ არა, რომ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საქართველო გაყიდოს, რა ფულიც არ უნდა შესთავაზონ მას?! დაფიქრდით არის თუ არა ივანიშვილი ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საქართველო გაყიდოს დიდ ფულზე და პასუხიც ნათელი იქნება. ამიტომ საქართველო გადასარჩენია. მე არცერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევ ხმას. 2-3 ხმის უფლება რომ მქონდეს, სხვა პარტიებიც არიან, რომელსაც მივცემდი ხმას. ხმა არ უნდა მისცე “ოცნებას” იმისთვის, რომ შვილებს შეხედო თვალებში 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავიბრუნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მჯერა, რომ 1 ნოემბერს ერთმანეთს მივულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. ღმერთი ჩვენთან”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად