პაატა ბაირახტარი: ე.წ. საპენსიო სესხების საკითხზე პოლიტიკოსების ყველა დაპირება აბსურდულია

„გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივა. ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა უფრო შორსაც წავიდა და საკანონმდებლო ინიციატივაც წარადგინა პარლამენტში, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ე.წ. საპენსიო სესხების საკითხზე პოლიტიკოსების ყველა დაპირება აბსურდულია“, – მის შესახებ მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ რადიო-გადაცემაში „კომერსანტი LIVE“, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა.

როგორც ბაირახტარმა განმარტა, პოლიტიკური ძალების მხრიდან აქცენტი კეთდებოდა საპენსიო გასაცემლების საბანკო მომსახურებისას კონკურენციის დაშვებაზე და იმაზე, რომ ეს პროცესი თავისთავად გააიაფებდა ე.წ. საპენსიო სესხის საპროცენტო სარგებელს.

„სამწუხაროდ, დღეს უკვე, თამამად შეიძლება ითქვას, არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ე.წ. საპენსიო სესხზე სარგებლის შემცირების მიზნით ამა თუ იმ ინიციატივას აჟღერებდა, არ ეყრდნობოდა არანაირ კონკრეტულ და არგუმენტირებულ გათვლას. არც ერთ მათგანს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული და რიცხვებზე დაფუძნებული ხედვა, თუ რა მიზეზ – შედეგობრივი პროცესი მოიტანს იმ შედეგს, რაც მათ ინიციატივებს უკავშირდება. მე არ მგონია, რომ იმ პოლიტიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც ამ საკითხით აპელირებდა წინასაარჩევნოდ, არ ესმოდეს რეალური ვითარება და არ ესმოდეს, რომ საკითხის სპეციფიკა გაცილებით ფართო და რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და რომ არსებული სიტუაციის გაუმჯობესება ხელის ერთი აქნევით, ან რაიმე ადმინისტრაციული ზომით, უბრალოდ შეუძლებელია. როგორც ჩანს, მათი აქტივობები მხოლოდ პოლიტიკურ დივიდენდებზე იყო გათვლილი და საარჩევნოდ ელექტორალურად აქტიური სეგმენტის გულის მოგებას ისახავდა მიზნად. სხვათა შორის, პირადად ჩემთვის ნამდვილად არ იყო მოულოდნელობა, რომ ამ პოლიტიკური ძალების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერც ერთი დონის თვითმმართველობაში ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიყვანა. ველოდი, რომ ელექტორატი მათ იაფფასიან საპენსიო ტრიუკებს არ წამოეგებოდა და ასეც მოხდა კიდეც“, – განაცხადა ბაირახტარმა „კომერსანტი LIVE” – ში საუბრისას.

კომენტარები
იტვირთება...